დღეს, 8 მარტს რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ქალების მარში 10 ქალაქში გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მმათველი პარტიის მიერ მიღებული კანონი აზიანებს საქართველოს მთელ მოსახლეობას და "ჩვენი უფლებები საფრთხეშია"
ორგანიზატორების ცნობით, მარში გაიმართება: თბილისში; ქუთაისში; ბათუმში; ოზურგეთში; ამბროლაურში; ბოლნისში; გორში; თელავში; ახმეტასა და მარნეულში.
"ჩვენი უფლებები საფრთხეშია!
ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ.
ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.
არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი - შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია!
სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე.
8 მარტს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გავმართავთ, რომელშიც ვმონაწილეობთ ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. ჩვენ ვართ ყველგან და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!" - წერია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე 9 მარტის ნაცვლად გუშინვე გაიმართა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, თუმცა შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა და პარლამენტის წინა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".